უკან

ხელშეკრულების გაფორმება Salini Impregilo-სთან

News inner image

ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა (GCC) იტალიურ კომპანია „სალინი-იმპრეჯილოსთან“ (Salini Impregilo) „ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა.

“ნენსკრა ჰესის” ძირითადი სამშენებლო ხელშეკრულება გაფორმებულია პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს “ნენსკრა ჰიდროს” და „სალინი-იმპრეჯილოს“ შორის, ხოლო შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმ”-ს (GCC) და „სალინი-იმპრეჯილოს“ შორის გაფორმდა ქვე-კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ქვეკონტრაქტორი (ანუ GCC) იღებს ვალდებულებას შეასრულოს მთელი რიგი სამშენებლო სამუშაოები.

ქვე-კონტრაქტი ისევე როგორც ძირითადი სამშენებლო კონტრაქტი იყოფა ორ ეტაპად, მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპად და ძირითადი სამშენებლო სამუშაოების ეტაპად. მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპი მოიცავს: მისასვლელი გზების დაგებას, ხიდების დამზადებას და მონტაჟს, სამშენებლო მოედანზე განსათავსებელი დროებითი ნაგებობების (კემპების) მშენებლობას და ჰესის ოპერატორების საცხოვრებელი დასახლების (Permanent Operator’s Village) მშენებლობას. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების ეტაპი მოიცავს დამბის მშენებლობას (მიწის სამუშაოებს და ქვანაყარი კაშხლის მოწყობას).

„სალინი-იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) ნენსკრა ჰესის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.

გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა“ (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.

ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ევროპული, კორეული და თურქული კომპანიები, რომლებიც ინვესტორმა „ქეი ვოთერმა“ (K Water) საერთაშორისო კონსულტანტების, Fichtner, Allen&Overy, IFC, BNP Paribas-ის მონაწილეობით შეარჩია.

„სალინი-იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ცნობილ იტალიურ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და უკვე მრავალი წლის განმავლობაში კომპანია ითვლება მსოფლიო ლიდერად ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.

პროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტი 2021 წელს დასრულდება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.