GCC „ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობას იწყებს

“ნენსკრა ჰესის“  მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები  ტემპს იკრებს. “ქართული სამშენებლო კონსორციუმი” (GCC) საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობას იწყებს,  რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი. ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის  ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს,  ასევე  სასაწყობე/საოფისე  შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საოპერაციო სოფელში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა  ჰესის საკუთრებაში დარჩება. ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად  გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს  დამატებით გეოლოგიური კვლევები. ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე  საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის  80% ადგილობრივი. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო  სამუშაოები,  სადაც ეტაპობრივად უკვე  დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი  დასაქმდება. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo  ახორციელებს, რომელსაც  ინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე. მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB)   და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi.  ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

Leave a Reply